ალეკო ელისაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ალეკო ელისაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან არ წასულა.

“საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები,“ – აცხადებს ელისაშვილი და ამბობს, რომ გუნდი, რომელიც შემოკრებილი ჰყავდა, არ დაუკარგავს და თებერვლიდან მნიშვნელოვნად გააქტიურებას აპირებს.

უფრო ადრე, მერობის ყოფილმა კანდიდატმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შექმნას აპირებს.

40 წლის ელისაშვილის უკან მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობა, “ტფილისის ჰამქარი”-ს წევრობა და თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სამწლიანი გამოცდილებაა. შუალედში ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარეც იყო. ამ თანამდებობაზე 2013 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დანიშნა. მაგრამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე თანამდებობა დატოვა და თბილისის საკრებულოს არჩევნებში საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელ დეპუტატად იყარა კენჭი. ელისაშვილმა (33.59%-ით) მაშინ საარჩევნო რბოლაში მმართველი პარტიის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე (28.82% ) დაამარცხა.

ელისაშვილის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და ამომრჩევლების ხმათა 17,48% მიიღო. ამ შედეგით ის კანდიდატებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნებში მონაწილე უპარტიო კანდიდატი იყო, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მის სავარაუდო გულშემატკივრებად რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოიაზრებოდნენ.

მიიღებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გიორგი მარგველაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ასევე სხვა პარტიების, მათ შორის მმართველი პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობაც.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები