“ახალი ტფილისის” ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

“ახალი ტფილისის” ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

2018-2021 წლებში, „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით 2018-2021 წლებში 195 000 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ძველი თბილისი დედაქალაქის გამორჩეული ადგილია და შესაბამისად, თითოეული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მნიშვნელოვანია.

„ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან ძველი თბილისი თავისი შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით გამორჩეულია. ეს არის ის, რითაც ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ვამაყობთ. შესაბამისად, ამ კონკრეტული ქუჩების, უბნების, შენობების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამის მაგალითია ორბელიანის მოედანი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ხედავთ, როგორი კეთილმოწყობილი და გალამაზებულია. მიმდინარეობს ასევე, გუდიაშვილის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეტაპობრივად გვინდა ყველა იმ ქუჩის განახლება, ყველა იმ სახლის გალამაზება, რომელიც ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიდგომაა, რომ ეს რეაბილიტირებული, განახლებული, მოვლილი შენობა-ნაგებობები გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყვი, რომ მართლაც სულს და გულს უხარია, როდესაც განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობა-ნაგეგებობებს ვუყურებ ძველ თბილისში და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები