საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილე ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ნარკოტიკთან.
„ეს ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის მომავალი. ერთ რამეს გეტყვით ძალიან მარტივად: როდესაც მე მომიწია მათთან საუბრის შემდეგ პარლამენტის შენობაში ყოფნა, იქ იმდენი ნაცნობი სახე და ნაცნობი ახალგაზრდა ვნახე, რომ ჩვემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ისინი არიან ძალზედ წარმატებულნი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ ნარკოტიკებთან. მათ მართლა გამოხატვის თავისუფლება აღელვებდათ ყველაზე უფრო. ეს იყო აქტიური ნაბიჯი გადადგმული თავისუფლების, როგორც უნივერსალური ფასეულობის დასაცავად,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. მანამდე 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და აქციები იმ ღამესვე გამართეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან. ამასთან 19 მაისისთვის მორიგი აქცია დააანონდა.
მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძემ თხილის სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა

კახა კალაძის თქმით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მოძრაობა ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე შეიზღუდება.
