„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მგგ-ის შესყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მგგ-ის შესყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შემსრულებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელით მოთხოვნილია, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს სადავო ხელშეკრულების შეწყვეტაზე ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება დარღვევის შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ უარი თქვას ხელშეკრულებიდან გასვლაზე ან საერთოდაც მხარეს აპატიოს ვალი.

“თუკი ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარე დაარღვევს გარიგებას და დადგება ხელშეკრულებით ან სამოქალაქო კოდექსის განსაზღვრული გარემოება – ხელშეკრულების მოშლა, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს სამართლებრივი ნორმებით და გამოსცეს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი ხელშეკრულების მოშლის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კანონით დადგენილი წესით არ იმოქმედებს ადმინისტრაციული ორგანო, დაინტერესებულ პირს, რომელსაც პირდაპირ და უშუალო ზიანი ადგება, აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე”,- აღნიშნა კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, თბილისის მერიასა და შემსრულებელ ორგანიზაციას შორის თბილისის მგგ-ის მომზადებაზე შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო გამარტივებული წესით, ვინაიდან დოკუმენტის წარმოდგენა მომხდარიყო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, დროის მოკლე პერიოდში, 23 თვის განმავლობაში.

“ხელშეკრულების თანახმად, შემოწმებისას პირველად გამოვლენილი ნაკლისთვის, მიმწოდებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა იგივე ფაქტის განმეორებით ან მესამედ იგივე შემთხვევისთვის, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს „შემსრულებელი“ ორგანიზაციის ხელშეკრულების ღირებულების 5%-ით დაჯარიმებას და ასევე, ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლას.  ორგანიზაციის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილის თანახმად, დადგენილია, რომ „შემსრულებელი“ ორგანიზაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობით დამდგარი გარემოებიდან გამომდინარე, დაჯარიმდა ოთხჯერ. კერძოდ, სამჯერ ობიექტის ხარისხის შეუსაბამობა ხელშეკრულებასთან, რომელიც ზედიზედ ორჯერ ვერ აღმოიფხვრა 5 600 ლარით, ხოლო ერთხელ შეუსაბამობის ზედიზედ სამჯერ აღმოუფხვრელობისთვის – 140 000 ლარით. ჯამში, ჯარიმების ოდენობამ შეადგინა 156 800 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სადავო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეოთხე ეტაპზე, როდესაც „შემსრულებელს“ დაეკისრა 140 000 ლარი ჯარიმის სახით, რაც ხელშეკრულების ღირებულების 5%-ია, დადგა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოება, თუმცა თბილისის მერიამ, როგორც „შემსყიდველმა“, მოცემულ გარემოებაზე, არ მოახდინა სწორი სამართლებრივი რეაგირება. ამასთან, როდესაც ჯარიმების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა გარიგების ღირებულების 4%-ს (112 000 ლარს), ხელშეკრულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გარემოება ხელშეკრულების მოშლის, თუმცა არც მოცემული შემთხვევას დაუთმო მერიამ ყურადღება. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან ფაქტია, რომ „შემსრულებელი“ ორგანიზაცია 4-ჯერ იქნა დაჯარიმებული, რაც თავის მხრივ უთითებს იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილ იქნა მნიშვნელოვანი ნაკლი. საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ჯარიმები დაკისრებულია არა ვადა გადაცილების, არამედ ნაკლოვანი ნივთის წარდგენის და შემდგომ მისი ვერ გამოსწორების საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული გარემოებების ერთობლიობა სრულ საფუძვლებს ადგენს, რათა ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო ხელშეკრულება.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სადავო საკითხის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და ამ სამართალ-ურთიერთობაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაინტერესებული პირია ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან სამომავლოდ გამოცემული აქტი მათ კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას მოახდენს, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა, ხოლო ნოემბერში გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ თვითმმართველობის ორგანოებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები