„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2018 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2018 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2018“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 4 საჯარო უწყება, 1 კერძო ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 13 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 2018 წლის ნომინაციები გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს:

  • „ღია სასამართლო ინსტანცია“ – რუსთავის საქალაქო სასამართლო,
  • „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია,
  • „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ – საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი,
  • „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
  • „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
  • „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – „ორბელიანი – საქართველო“
  • „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – ახალი ამბების სააგენტო „On Ge“
  • „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – ტ/კ „ობიექტივი“, გადაცემა: „დილა ობიექტივზე“
  • „საზოგადოების ხმა“ –  გადაცემა „დღის თემა“,  ახალი ამბების ტელევიზია „პალიტრანიუსი“

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2018“ გადასცეს ტელეკომპანიებისა და მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:

  • აკაკი გოგიჩაიშვილი, ტელეკომპანია „იბერია“
  • იმედა დარსალია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ლუკა ხაჩიძე, ტელეკომპანია „პირველი“
  • მარიამ ქართველიშვილი, ტელეკომპანია „იმედი“
  • ნინო გელაშვილი, რადიო „თავისუფლება“
  • გიორგი აბაზაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ანა კიკნაძე, ტელეკომპანია „ობიექტივი“
  • ირაკლი მანაგაძე, ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“
  • ნელი ვარდიაშვილი, ახალი ამბების სააგენტო „ევრონიუსი“
  • გვანცა ფიფია, ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“
  • თეონა ნოზაძე, ახალი ამბების სააგენტო „პირWელი“
  • ნინო ექვთიმიშვილი, ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“
  • თამარ შეყილაძე, მედია-ჰოლდინგი  „კვირა“

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წლის საპატიო ჯილდო და ნომინაცია – „ორგანიზაციის მეგობარი“, 2018 წელს გადაეცა ცნობილ ადვოკატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ტარიელ კაკაბაძეს. თავის მხრივ, ეს ნომინაცია, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, გადაეცემა ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული საქმიანი ურთიერთობები და ორგანიზაციის ღირებულებების საზოგადოებრივი პატივისცემა ახასიათებთ. ამასთან, ორგანიზაციამ ცალკე გამოყო 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში განხორციელებული რეფორმების ხარისხი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანს, 2018 წელს, ადვოკატის პროფესიის გაძლიერებისა და ინსტიტუციური ცვლილებებისთვის, გადაეცა „ახალგაზრდა ადვოკატების“ სპეციალური მადლობის სიგელი. 2019 წელი ისტორიული და საიუბილეოა საქართველოს ადვოკატთა კორპუსისთვის, ვინაიდან სრულდება 100 წლის იუბილე, რაც ოფიციალურ ჩანაწერებში, პირველად გაჩნდა ვექილის ინსტიტუტი საქართველოში. შედეგები ცხადყოფს, რომ 2018 წელს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდა არაერთი რეფორმის, ინიციატივისა და ინსტიტუციური ცვლილებების ავტორი. საქართველოს კონსტიტუციაში ადვოკატის როლის სათანადო ასახვა წარმოუდგენელი იყო დავით ასათიანის პერსონალური და თავისი გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევის გარეშე. პროფესიის გაძლიერებისთვის გაღრმავდა საერთაშორისო კონტაქტები. თბილისმა უმასპინძლა არაერთ მასშტაბურ ფორუმსა და კონფერენციას. თავის მხრივ, დავით ასათიანმა მიღებული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელ გუნდს და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმოადგენს მაღალი სტანდარტის მქონე სამოქალაქო ორგანიზაციას, მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის საზოგადოებაში და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ორგანიზაციამ წლების მანძილზე შექმნა წარმატებული საქმიანობის მოდელი.

„ახალაგზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია კვლავ იქნება შესაძლებლობების, ობიექტური და საზოგადოებისთვის სანდო ორგანიზაცია, ვინაიდან ჩვენი შემოსავლის წყარო დაკავშირებულია ჩვენი პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. „ამ გაგებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, ჩვენს ხელფასს გვიხდის კლიენტი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაციისთვის, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი და საფუძველია. ამიტომაც, ეს განაპირობებს ნდობას და მათ შორის, პროფესიული საზოგადოებისა თუ კრიტიკოსების აღიარებას“ – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა. მანვე საზოგადოებას აღმასრულებელი გუნდის განახლებული შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებში“ ყოველთვის საქმიანობდნენ საინტერესო ადამიანები.

„მე, როგორც ხელმძღვანელი, როგორც ადვოკატი, როგორც ადამიანი, მე მათ ვასწავლი და თითქმის ყოველდღე ვეუბნები, რომ ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის წინაშე სამართლიანები, რომ შემდეგ სხვისი სამართალი დავადგინოთ. ვეუბნები, რომ შეუძლებელია დაღლა ჩვენს პროფესიაში. ვეუბნები, რომ მადლიერების გრძნობა ყველაზე მთავარი ღირებულებაა, რაც სუსტი, გაქცეული და შეშინებული ადამიანის მაგალითი ვერ იქნება, ხოლო სიტყვა: „მადლობა“ უნდა ვუთხრათ ყველას, დაწყებული მშობლიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებრივი და პროფესიული ცხოვრების გზა წარმატებისკენ გაგიხსნა, ვინც მოგცა მთავარი შანსი – გემსახურა პროფესიისთვის და გემსახურა ადამიანებისთვის“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

საზოგადოებას წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ორგანიზაციის 2018 წლის საქმიანობის მთავარი აქცენტები ზურაბ ახობაძემ, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გააცნო. „ჩვენ გვაქვს სურვილი და შესაშური მოტივაცია, გაცილებით მეტი და ახალი სიტყვა ვთქვათ 2019 წელს ადამიანის უფლებების დაცვისა სფეროში და ვემსახუროთ ჩვენი განსაკუთრებული პროფესიიდან და მისიიდან თითოეულ მოქალაქეს. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებს“ გააჩნია საზოგადოებრივი ნდობის მანდატი“ – აღნიშნა ზურაბ ახობაძემ.

„ახალაგზრდა ადვოკატებმა“ 2018 წელს პოლიტიკის, სამართლისა და საზოგადოების აქტუალურ საკითხებზე გამართეს:

  • 22 პრესკონფერენცია,
  • მედიაში გავრცელდა 149 საჯარო განცხადება,
  • ორგანიზაციის წევრები, 164-ჯერ იქნენ წარმოდგენილი სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო არხზე მომზადებულ სიუჟეტებსა და ღია ეთერებში,
  • ბეჭდურ გამოცემებში, 18-ჯერ გაშუქდა ორგანიზაციის პოზიცია.
  • ელექტრონულ მედიაში, კერძოდ, ახალი ამბების სააგენტოებში, ორგანიზაციის საჯარო განცხადება და აღმასრულებელი გუნდის ცალკეული წევრების კომენტარი, სულ წარმოდგენილ იქნა 647-ჯერ
  • გამოიცა 2 მნიშვნელოვანი კვლევა,
  • ჩატარდა 3 სადისკუსიო მაგიდა
  • მომზადდა 10ზე მეტი რეკომენდაცია ხელისუფლების სხვადსხვა შტოს მიმართ;
  • პარლამენტი განიხილავს ორგანიზაციის 1 საკანონმდებლო წინადადებას და სხვა.

2018 წელი ორგანიზაციის სამართლის ჯგუფისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა სამართალწარმოების პროცესითაც. „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეგისტრირებული უფასო იურიდიული კონსულტაციით ისარგებლა 87 მოქალაქემ. წლის მანძილზე, ორგანიზაციის იურისტებმა არაერთ სამართლებრივ შეკითხვას უპასუხეს ორგანიზაციის ოფიციალური სოციალური გვერდის მეშვეობითაც, მათ შორის ქართველ ემიგრანტებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

2018 წლის დეკემბერში, ორგანიზაციამ დაამტკიცა საქმისწარმოების სტატისტიკის ახალი მოდელი, რომელიც დეტალურად ასახავს სამართლის ჯგუფის წარმოებაში არსებული საქმეების სტატუსს. 2018 წლის ბოლოს, წარმოებული საქმეების მაჩვენებელი შემდეგნაირია: წარმატებული საქმეები – 64%, წარუმატებელი დავები – 18%, მორიგებით დასრულებული საქმეები – 10%, დავები, რომლებზეც შეწყდა წარმოება სარჩელზე უარის თქმის ან სხვა ანალოგიური საფუძვლებით – 8%. ამასთან, დეტალური კლასიფიკაციის სახე მიიღო სამართალწარმოების იმ საქმეებმა, რომელთა მიმართაც საბოლოო შედეგები, არ არსებობს. კერძოდ, ორგანიზაციის წარმოებაში 48%-ს შეადგენს საქმეები, რომლებზეც არ დამდგარა სასამართლო გადაწყვეტილება, 7%-ს დავები, რომლებზეც სასამართლოში წარმოება არ დაწყებულა, ხოლო 45%-ს შეადგენს სარჩელები, რომლებიც მზადების ეტაპზეა და უნდა წარედგინოს სასამართლოს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი, ყველა საქმეს სასამართლოში იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ სახელით ახორციელებს. ამასთან, 2018 წელსაც სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებად მივიჩნიეთ Pro Bono-ს სახელით დავების მომზადებაც.

2018 წელს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ არაერთ დავაზე დადგა პრეცედენტული გადაწყვეტილება, რასაც თავად სასამართლომ უწოდა „ისტორიული“. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა წლის მთავარ სასამართლო პროცესს – ახელმწიფოსთან სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და 2016-2007 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლითაც გახმაურებული დავა სამმხრივი მორიგების აქტის საფუძველზე დასრულდა. როლანდ ბლადაძეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცა. „სასამართლოს გადაწყვეტილება და მიუმხრობელი მართლმსაჯულების განხორციელება არ შედგებოდა, რომ არა საქმის განმხილველი სამი მოსამართლე, ქალბატონი ნინო ბაქაქური და ბატონები: ზურაბ ძლიერიშვილი და ბესარიონ ალავიძე. როლანდ ბლადაძის საქმემ საზოგადოებას აჩვენა დამოუკიდებელი ადვოკატისა და დამოუკიდებელი მოსამართლეები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ერთობლივი მუშაობის შედეგი. ამიტომ, უფლება არ მაქვს, წლის გაბედული, პრინციპული პოზიციებისთვის და მაღალი პროფესიული სტანდარტისთვის, საჯარო მადლობა არ გადავუხადო სწორედ ნინო ბაქაურს, ზურაბ ძლიერიშვილსა და ბესარიონ ალავიძეს. დღეს ასეთ მოსამართლეებზე დგას ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა და მომავალი“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელი საქმიანობაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად გამოაცხადეს. ამ მიზნით, არაერთი ღონისძიება, ინიციატივა და პროექტი განახორციელდება. ამასთან, 2019 წლის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და აქტიურობების თაობაზე, საზოგადოებას ინფორმაცია წინმსწრებად მიეწოდა. 2019 წლის მანძილზე, დროის სხვადასხვა მონაკვეთზე, განხორციელდება და ჩატარდება შემდეგი სახის აქტიურობები და ღონისძიებები:

  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წელს სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე ქონება ჩამორთმეულთა ფორუმს გამართავს
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წელს სისტემური დანაშაულებების კვლევის საერთაშორისო ლობისტურ ჯგუფს დააფუძნებს
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს, რითაც სასამართლოებში სახელმწიფო უწყებების წაგებულ დავებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება
  • „ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი საკანონმდებლო წინადადებით, საკრებულოს წევრებად მოქმედი დირექტორებისა და პედაგოგების არჩევის საკითხი გადაიხედება
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს ნეპოტიზმის დისკრიმინაციის ფორმად განსაზღვრისთვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლისა და კანონმდებლობის საკითხებზე სტუდენტებს ონლაინ თანამშრომლობის ახალ პლატფორმას სთავაზობს
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმს უმასპინძლებს;
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამართლებრივი ცნობიერების კამპანიის ფარგლებში, ერთობლივ ინიციატივებს განახორციელებს.

2018 წლის ღონისძიებაზე მოხდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაცია, რომლის პირველი გვერდის თემატიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არსებული მდგომარეობა გახდა. ამასთან, საზოგადოება გაეცნო ორგანიზაციის 2018 წლის საქმიანობის ვიდეო-რგოლს. შეჯამებას ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტური კორპუსი, ორგანიზაციის პარტნიორები, მეგობრები და კლიენტები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა, რის გამოც, ორგანიზაცია პერსონალურ მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს და ადმინისტრაციას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები