აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მტკივნეულ საკითხებს გვერდს ვერ ავუვლით-ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აბაშიძე-კარასინის დაგეგმილი შეხვედრის სასაუბრო თემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ერთ-ერთი საკითხი საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება იქნება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეც.
“ამ შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არის დღის წესრიგში და თქვენ იცით, რომ უშუალოდ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტია ჩართული და ყველა ფორმატი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები.
ამ შეხვედრის დღის წესრიგში, ასევე არის შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნა ქართული მხარის მიერ და ცოტა ხნის წინ რუსული მხარის მიერ. ამაზე იქნება საუბარი. ჩვენ გვაქვს მკაფიო დღის წესრიგი და ამ ფარგლებში გაიმართება ეს შეხვედრაც“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რა ტიპის ტვირთი გავა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების გავლით რუსეთში, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მალე ექნება. მრავალწლიანი მოლაპარაკება რუსეთ-საქართველოს შეთანხმებით დასრულდა. საერთაშორისო ტენდერით შერჩეული შვეიცარიული კომპანია სავაჭრო დერეფნებში მონიტორინგს იწყებს.
“ქართულ-რუსული შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს, ამის შემდეგ კარგა ხანს მიმდინარეობდა მუშაობა კონტრაქტზე, რომელიც უნდა გაფორმებულიყო ქართული მხრიდან შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელიც ერთობლივად შეირჩა და რუსეთის მხრიდანაც ანალოგიური კონტრაქტი იმავე კომპანიასთან. ჩვენ გასული წლის ბოლოს გავაფორმეთ ეს კონტრაქტი, თუმცა ადრეც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. გაცილებით ადრე ვიყავით მზად ამისთვის. ახლა, რამდენიმე დღის წინ რუსეთმა გააფორმა ეს კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლა შეიძლება უკვე მოსამზადებელი ეტაპიდან გადავიდეთ იმპლემენტაციის ეტაპზე” – განაცხადა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ “მაესტროსთან” ინტერვიუში.