96 ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის – პრემიერი იაპონიას და „მიცუბიშს“ საჩუქრისთვის მადლობას უხდის

96 ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის – პრემიერი იაპონიას და „მიცუბიშს“ საჩუქრისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციისთვის, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეკოლოგიაზე ზრუნვას და როგორც მან აღნიშნა, ამ მნიშვნელოვან გამოწვევას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ.

პრემიერის თქმით, საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. პრემიერის განცხადებით, ამ მიმართულებით მთავრობამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები.

მან იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშს“ 96 ჰიბრიდული და ელექტრომანქანის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.

”გასულ კვირაში იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში. ამისთვის გვქონდა ორი მიზეზი. ერთ-ერთი იყო ის, რომ ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინიმ, იგივე ლევან გორგოძემ, მოიპოვა იმპერატორის თასი და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველად მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა. ასევე აქტუალურია იაპონია იმ მიზეზის გამო, რის გამოც დღეს შევიკრიბეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშს“ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. ეს არის 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ავტოპარკის განახლებისა და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით. საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები: ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების დაწყება, შეღავათიანი დასაბეგრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე, ელექტროავტომობილების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დაბეგრა. შედეგად დღეს მივიღეთ, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35%-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები