2019 წლის I კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში, ჩვენი პოზიცია სრულად, ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა-ირაკლი ლექვინაძე

2019 წლის I კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში, ჩვენი პოზიცია სრულად, ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა-ირაკლი ლექვინაძე

2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასაჭერად 29 შუამდგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა – ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც ირაკლი ლექვინაძემ მედიას წარუდგინა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ 57 რეკომენდაცია გაიგზავნა, სადაც 80%-ში სრულად, ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
„2019 წლის I კვარტალში 57 რეკომენდაცია გავაგზავნეთ და 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად, ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მათ შორისაა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული და, შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში)”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გაგზავნილ რეკომენდაციებს შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ცვლილების შესახებ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.
„გაგზავნილი რეკომენდაციების შედეგად, 3 თვის ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება. ამნისტიის შესრულების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდის/ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50% მნიშვნელოვნად – 5% და 10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა, რომელზეც გაფორმდება გრაფიკი, არ მიიჩნევა აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების/გაგრძელების პერსპექტივა”, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობების სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება.
აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდან არის – 50, შემდეგ მოდის აჭარა – 14 განცხადებით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები