“2019 წელს კომისიაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აღარ მოხვდნენ, რადგან მათ მიმართ კითხვები არსებობდა”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განმარტებით, 2019 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებისას, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კომისიაში იმ მიზეზით აღარ მოხვდნენ, რომ მათთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობდა.
„2019 წელს მოხდა კომისიის გადახალისება, თუმცა მთლიანად არა. ბევრი ადამიანი ძველი კომისიიდან იყო, მაგრამ ბევრი ადამიანი იყო ახალი. მთავარი ამოცანა იყო, გაგვეახლებინა კომისია და დაგვეკომპლექტებინა ისეთი ადამიანებით, რომლებთანაც სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოებას არ ექნებოდა კითხვები“, – განაცხადა დარსალიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პირადად მას მელაშვილთან და ილიჩოვასთან კითხვები, დარსალიამ უპასუხა, რომ „საზოგადოებაში არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა წინა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით“.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
მსგავსი სიახლეები

ცხინვალის რეგიონში 8 აგვისტოდან დღემდე, რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ეფექტურ კონტროლს, ვიდრე 8 აგვისტომდე-წულუკიანი

კახა კალაძის განცხადებით, რთული ვითარების მიუხედავად, არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა არ შეჩერებულა
