2018 წელს პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარება-თბილისის მერი

2018 წელს პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარება-თბილისის მერი

2018 წელს, ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გახდეს.

„გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ვიცით, რომ ამ მიმართულებით, სერიოზული უკმაყოფილებაა და საცობების თვალსაზრისით პრობლემაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გასული წლის ბოლოს, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები და იქ არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია დაიწყო.

„წელსაც, 62 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ამ პროცესში პრიორიტეტული იქნება ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება. წელსვე, დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის – 9 მარტის ბაღის სრული რეაბილიტაციაც. მგონია, რომ ზოგადად, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის, ამ ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რაც ჩვენს ქალაქს აქვს და რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კატეგორიები: საზოგადოება
ტეგები: დღის თემა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები