2018 წელს მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობა და დასაქმება იქნება-სიმონ ნოზაძე

2018 წელს მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობა და დასაქმება იქნება-სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება–მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. მან წლის მნიშვნელოვან მიღწევებზე და დადებით მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან აღნიშნა, მმართველობის სფეროში კონსტიტუციის მიღება მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
„წლის შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბევრი დადებითი რამ მოხდა.
შემიძლია გამოვყო ვიზა-ლიბერალიზაცია და კონსტიტუციის მიღება. თუმცა უნდა აღინიშნოს ისეთი მოვლენებიც, როდესაც გაეროს რეზოლუციაში პირველად ახსენეს სიტყვა “ოკუპაცია” საქართველოსთან მიმართებაში, აღსანიშნავია ამერიკის გადაწყვეტილებაც, როდესაც იმ ქვეყნებს, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, დახმარებას შეუწყვეტს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია. დადებით კონტექსტში უნდა აღინიშნოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის განხორციელება და თურქეთთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებიც. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ წარმატებად ეკონომიკის თითქმის 5%-იანი ზრდაც მიმაჩნია. წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ომბუდსმენის არჩევაც უნდა აღინიშნოს. ასევე, მმართველობის სფეროში, კონსტიტუციის მიღება მნიშვნელოვანი მონაპოვარია”,-განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
მან მომავალი წლის მთავარ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და დასაქმება.
“რაც შეეხება 2018 წლის მთავარ გამოწვევებს, ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და დასაქმება. ამაზე მოკლედ ვერ ვისაუბრებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ოკუპაციის პრობლემა, გარდა არსებული ფორმატებისა, სხვა ფორმატშიც შეიძლება განიხილოს. პარალელურად კი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაც საჭირო იქნება”,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება–მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან მთავრობის ეფექტიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გაზაფხულზე შესაძლო საკადრო ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, მისივე თქმით, რა თქმა უნდა, არის გარკვეული შეცდომები და მთავრობას უკეთესად მუშაობა შეუძლია.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები