2018 წელს დანაშაულის ჩადენაში მხილებულ არასრულწლოვანთა 59% განრიდებას დაექვემდებარა

2018 წელს დანაშაულის ჩადენაში მხილებულ არასრულწლოვანთა 59% განრიდებას დაექვემდებარა

„2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოყენებულ იქნა 497 არასრულწლოვნისა და 18-დან 21 წლამდე ასაკის 400 პირის მიმართ, რაც, არასრულწლოვნების შემთხვევაში, 2017 წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელია“, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ გასული წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს დანაშაულის ჩადენაში მხილებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობის 59% დაექვემდებარა განრიდებას.
“ის არასრულწლოვნები კი, რომელთა მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ძირითად შემთხვევაში, არ აკმაყოფილებდნენ განრიდების პირობებს. 2018 წელს განრიდებამდე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 34 არასრულწლოვნის მიმართ, რაც განრიდებულთა საერთო რაოდენობის 7%-ს შეადგენს.
ასევე, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია მძიმე დანაშაულზე განრიდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, კერძოდ, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 497 არასრულწლოვნიდან 199-ს წარმოადგენს, რაც განრიდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობის 40%-ია.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ახორციელებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მუდმივ მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გადაწვეტილებას დროულად იღებენ, დაბალია სასამართლოდან საქმეთა განრიდების მიზნით დაბრუნების მაჩვენებელი – 2018 წელს განრიდებული 497 არასრულწლოვნიდან სასამართლოს მიერ საქმე განრიდების მიზნით მხოლოდ 29 შემთხვევაში დაბრუნდა.
დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება აისახა ბრალდებულ არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელზეც. კერძოდ, 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა არასრულწლოვანთა 8.3%-ის მიმართ, რაც, 2017 წელთან შედარებით, კლების მაჩვენებელია. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას – 2018 წელს სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა არასრულწლოვანთა 7%-ს.
2018 წელს განაჩენი გამოტანილ იქნა 181 არასრულწლოვნის მიმართ, აქედან გამართლდა მხოლოდ 9 არასრულწლოვანი.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები