2017 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ძარცვის ფაქტი დაფიქსირდა

ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ძარცვის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის.
საქმე ეხება, 2017 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ძარცვის ფაქტს, რა დროსაც ბრალდებულებმა ა. ხ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის ზურგჩანთას, რომელშიც განთავსებული იყო მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა – 13 000 აშშ დოლარის (32 240 ექვივალენტი ლარში) ოდენობით.
ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება შემაკავებელი, პროპორციული ზომა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლოს განჩინების თანახმად, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები

შს სამიინისტრომ სენაკში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
რადგან ბურჭულაძემ და მისმა ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი საჯაროდ თქვეს, მოწმე, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში დაიკითხება-მამუკა ვასაძე
