2016 წლის რეფორმის გარეშე, ამ ფართობის დარეგისტრირებას, 2 წლისა და 10 თვის ნაცვლად, 10 წელი დასჭირდებოდა

2016 წლის რეფორმის გარეშე, ამ ფართობის დარეგისტრირებას, 2 წლისა და 10 თვის ნაცვლად, 10 წელი დასჭირდებოდა

2016 წელს მიღებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და ძალაშიც შევიდა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობაზე, შედეგებსა და  რეფორმის ფარგლებში მოქმედ უფასო სერვისებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დავით დევიძე გვესაუბრება.

დავით დევიძე: მიწის  რეგისტრაციის რეფორმის მოქმედების ვადა 2020 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა. ვადის გახანგრძლივება განაპირობა რეფორმის წარმატებამ და იმ შედეგებმა, რაც უკვე მივიღეთ. მიწის რეგისტრაციის რეფორმა იუსტიციის მინისტრის პირადი ინიციატივით შემუშავდა და 2016 წლის 1-ელ აგვისტოს ამოქმედდა. 2 წელი და 10 თვეა, მიმდინარეობს და ამ პერიოდის განმავლობაში წარმატებით დასრულებული განცხადებების  რაოდენობამ  678 000-ს გადააჭარბა.

შედარებისთვის შემიძლია, აღვნიშნო, რომ რეფორმის ამოქმედების შემდეგ დარეგისტრირებული მიწის ფართობმა გადააჭარბა რეფორმის დაწყებამდე 10 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულ ფართობს. ანუ რეფორმისა და გამარტივებული პროცედურების გარეშე ამ ფართობის დარეგისტრირებას, 2 წლისა და 10 თვის ნაცვლად, 10 წელი დასჭირდებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი უკვე რეგისტრირებულია. ეს განაპირობა მოსახლეობის მაღალმა აქტიურობამ და ჩართულობამ. თუ რეფორმამდე, დაახლოებით, 300-მდე განმცხადებელი მიდიოდა საჯარო რეესტრში ყოველდღიურად,  რეფორმის დაწყების შემდეგ ამ რიცხვმა, საშუალოდ, 2000 შეადგინა და იყო დღეები, როცა დღის განმავლობაში 5000-მდე განცხადებაც კი შემოსულა. რეფორმის წარმატება სწორედ ბენეფიციარების ჩართულობისა და აქტიურობის ხარისხით, მიღწეული შედეგებით ფასდება და ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა ნამდვილად წარმატებულია.

-მოქალაქეების აქტიურობა,  ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ საჯარო რეესტრი რეფორმის ფარგლებში მათ არაერთ უფასო სერვისს სთავაზობს.

დავით დევიძე: დიახ, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, რეფორმა არის კომლექსური და პირველი, რაც გაკეთდა, პროცედურების გამარტივება იყო. დაინერგა ერთი სარკმლის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ  დაინტერესებულ მოქალაქეებს აღარ უწევთ, მიმართონ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს სხვადასხვა ცნობის მოსაპოვებლად და დახარჯონ შესაბამისი დრო და ფინანსური რესურსი.

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესში უდიდესი დაბრკოლება იყო  ფინანსური და  ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც მოსახლეობას არ აძლევდა საშუალებას, მიეღწიათ წარმატებისთვის. რეფორმის ამოქმედების შემდეგ კი კონცეპტუალურად შეიცვალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს როლი. მანამდე სააგენტო  იყო ერთგვარი “წუნმდებელი”, ანუ თავად მოქალაქის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას აფასებდა და მიუთითებდა, რომ მოწესრიგებული დოკუმენტაცია მიეტანა.  რეფორმის ფარგლებში კი საჯარო რეესტრი გახდა უშუალოდ რეგისტრაციაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანო, ის გახდა მოქალაქის ადვოკატი. სააგენტოს დაევალა, თვითონ უზრუნველყოს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, ანუ თავად რეგისტრატორი გახდა მოქალაქის თანაშემწე და მათი საერთო მიზანია საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შედეგად, რეგისტრატორი, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის საჭირო საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის და  საიდან უნდა მიიღოს შესაბამისი  ინფორმაცია,  თავად გამოითხოვს ყველა საჭირო დოკუმენტს ადმინისტრაციული ორგანოებიდან.

როგორია პროცედურა – ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ და რა დოკუმენტი წარადგინოს მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის?

დავით დევიძე: მოქალაქემ უნდა განსაზღვროს, რომელი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სურს და თან იქონიოს შესაბამისი აზომვითი ნახაზი, რომელსაც განცხადებასთან ერთად ჩააბარებს საჯარო რეესტრის ფილიალებში, იუსტიციის სახლებში ან საზოგადოებრივ ცენტრებში. ამის შემდეგ,  საჯარო რეესტრი თავად იწყებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ ღონისძიებას –   მიმართავს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სწრაფად რომ განხორციელდეს, ამისთვის დაინერგა ელექტრონული სერვისები.

დანერგილია ელექტრონული მიმოცვლის საშუალება და წერილები იგზავნება არა ფოსტით,  არამედ – ელექტრონულად. ელექტრონული მმართველობა ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა და, შედეგად, მოქალაქეს აღარ უწევს, გადაიხადოს საჭირო პროცედურებისთვის თანხები. ელექტრონული მიმოცვლის საშუალებების დანერგვის შედეგად უფასო სერვისების მიღების გზით რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე მოქალაქეებმა დაახლოებით  37 მლნ ლარამდე დაზოგეს.

-კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს, რეფორმის ფარგლებში რა უფასო სერვისები მოქმედებს?

დავით დევიძე: პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ უფასოა თავად საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გარდა ამისა, საჯარო რეესტრი რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას ახორციელებს უფასოდ. მაგალითისთვის, ეროვნული არქივდან ცნობის გამოთხოვა, რომელიც 43 ლარი ღირდა, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქალაქისთვის უფასოა. თუ საჭირო გახდა, დანერგილია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, რაც გულისხმობს, მაგალითად, მედიაციის კულტურის შემოტანას საქართველოში, რაც საერთოდ  დავიწყებული იყო საქართველოს სინამდვილეში. სასამართლოში დავის ნაცვლად მოქალაქეები მიდიან ნოტარიუსთან, რომელიც მათ სრულიად უსასყიდლოს ეხმარება შეთანხმების მიღწევაში.

რეფორმის ფარგლებში სანოტარო მედიაციით უკვე 1692 დავა გადაწყდა.  ეს ნიშნავს, რომ 1692 დავა არ წავიდა სასამართლოში და ამ ალტერნატიულმა საშუალებამ სრულიად უფასოდ შესთავაზა მოქალაქეებს მათი მარტივი მოგვარება.

სრულიად  უფასოდ ხდება ფაქტების კონსტატაცია. საჭიროების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო ახდენს ფაქტების კონსტატაციას, რამდენადაც და მიწის რეგისტრაციის დროს მნიშვნელოვანია ცალკეული საზღვრის თუ ცალკეული კონკრეტული ფაქტის დადგენა. უფასოა  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ეკონომიკის სამინისტროდან თუ სხვა ადმინისტარციული ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის წარმოდგენაც. გარდა ამისა, საჯარო რეესტრი  არის აღჭურვილი უფლებამოსილებით, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს მუნიციპალიტეტს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. ანუ რეგისტრაციის პროცესში ჩაერთო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი,  რომელიც გვაწვდის მნიშვნელოვან მონაცემებს იმის შესახებ, თუ  ვინ ფლობს ამ მიწის ნაკვეთს, რათა შედეგად დავიცვათ არა მხოლოდ იმ პირის უფლება, ვინც მოგვმართავს სარეგისტრაციოდ, არამედ, არ მოხდეს სხვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხორციელდება მოქალაქისთვის სრულიად უფასოდ.

-რა არის ის გამოწვევები, რომლებიც გამოვლინდა რეფორმის მიმდინარეობისას?

დავით დევიძე: უმთავრესი გამოწვევა, რომელიც გვაქვს, არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოქმედი აღიარების კომისიებიდან ინფორმაციის მიღების უკიდურესად გრძელი ვადები. სხვა დანარჩენი უწყება სწრაფად და ეფექტურად გვეთანამშრომლება. ამ შემთხვევაში კი, ვინაიდან საჯარო რეესტრს უწევს, დაელოდოს კომისიებიდან გადაწყვეტილებას, განცხადებაზე სარეგისტრაციო პროცედურა წინ ვერ მიიწევს. ბევრჯერ თავად იუსტიციის სამინისტრო შეეცადა ზოგიერთ მუნიციპალიტეტთან საკითხის მოგვარებას, მაგრამ ვადები მაინც ვერ შემცირდა. ეს კი მოქალაქეთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

ასევე, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია მემკვიდრეობის საკითხები, რაც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ძალიან პრობლემური საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის. ადამიანები ხშირად ამ საკითხების მოგვარებას არ უთმობენ საჭირო ყურადღებას. რიგ შემთხვევებში მესაკუთრის შემდეგ გარდაცვლილი არიან რამდენიმე თაობის ოჯახის წევრები და  არ არის არცერთი სამკვიდრო  გახსნილი, არ არის განსაზღვრული, თუ ვის ეკუთვნის დანაშთი ქონება.  ამ რეფორმის წარმატების განმაპირობებელი სწორედ  ისაა, რომ რეფორმით შეთავაზებული მარტივი და უფასო სერვისები ხელს უწყობს მოსახლეობის ამ კუთხით გააქტიურებასაც,  ხოლო მათი  უშუალო მონაწილეობის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, განისაზღვროს, ვის ეკუთვნოდა წინაპრის  დანატოვარი ქონება.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლონ უფასო პროცედურებით, მიმართონ საჯარო რეესტრს  2020 წლის იანვრამდე, დაირეგისტრირონ მიწა მარტივად და გახდნენ მესაკუთრე. შედეგად, დაცული იქნება მათი საკუთრების უფლება და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აისახება საქართველოს ელექტრონულ რუკაზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები