2015 წლის 1-ელ დეკემბერს – განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 1-ელ  დეკემბერს – განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა  და კამპუსს ფრანსს შორის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

2015 წლის 1-ელ  დეკემბერს – განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა  და კამპუსს ფრანსს შორის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წლიდან ხორციელდება სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით.

აღნიშნული პროგრამისა და ზოგადად, საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე გვესაუბრება:

როგორ შეაფასებდით საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას და რა პერსპექტივები აქვს ამ თანამშრომლობას მომავალში?

სხვადასხვა თვალსაზრისით, ამ სფეროში საფრანგეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოში. ჩემი ქვეყანა  650  ქართველ სტუდენტს მასპინძლობს (5 წლის განმავლობაში + 35%). სტუდენტთა მობილობის შესახებ იუნესკოს სტატისტიკის მიხედვით, საფრანგეთი ევროკავშირში რიგით მეორე მიმართულებას წარმოადგენს ქართველი სტუდენტებისთვის. ხელმოწერილია ERASMUS +  მობილობის თხუთმეტი შეთანხმება. ასევე, უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის 22 ხელშეკრულება. უკვე ფუნქციონირებს 3 ორმაგი დიპლომის პროგრამა (ინფორმატიკა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინა, მართვა). იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქართული უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრია, მათ შეუძლიათ ისარგებლონ პროფესიულ სწავლებაზე ორიენტირებული პედაგოგიური კურსით ფრანგულ ენაზე (როგორც, მაგალითად, ტურიზმისა და ინოვაციების სფეროზე ადაპტირებული ფრანგული ენის კურსი, ონლაინ სწავლების საშუალებით).

ამასთანავე, კამპუს ფრანსის წარმომადგენლობა, საფრანგეთის მიმართულებით მობილობის წასახალისების მიზნით, სტუდენტებს  უფასო საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს. კურსდამთავრებულთა ქსელს შეემატა საფრანგეთში განათლებამიღებული ყოფილი სტუდენტების ახალი ონლაინ პლატფორმა.

რა თქმა უნდა, მაგისტრატურის საფეხურზე ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის დამსახურებით ყოველწლიურად, 15 სტუდენტი სარგებლობს ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივად დაფინანსებული  სტიპენდიით. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ახალ ეტაპს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის  დაარსება წარმოადგენს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის 2018 წლის 26 მაისს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეთანხმებით დაფუძნებული ამბიციური პროექტის მიზანს წარმოადგენს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის  ორმაგი დიპლომების ამოქმედება ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ინფორმატიკის მიმართულებით.

პროექტი ისპირაციას იღებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზღვარგარეთ განხორციელებული პროგრამებიდან, როგორებიცაა ფრანგულ-გერმანული უნივერსიტეტი, ფრანგულ-იტალიური უნივერსიტეტი, სომხეთის ფრანგული უნივერსიტეტი და სხვა.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მიზანია ქართული ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს საშუალო და მაღალი დონის კვალიფიციური პროფესიონალები სტრატეგიული განვითარების სფეროებში. ქართველი სტუდენტებისთვის ფრანგული დიპლომების გაცემით გონივრულ ფასში. ეს, აგრეთვე საკუთარ წვლილს შეიტანს ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციაში.  პროექტი უკვე  განვითარებულ  სტადიაზეა – ორმაგი დიპლომების უმრავლესობა უკვე იდენტიფიცირებულია, პროგრამების შინაარსით აღჭურვა უკვე დასასრულს უახლოვდება.

ფრანგული მხარე გასცემს სამი სახის დიპლომს:

–   კვების ტექნოლოგიების ბაკალავრი – პროფესიული ლისანსი (პროფესიული ბაკალავრიატი) აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ ფრანგული უნივერსიტეტის დიპლომი და, ამასთანავე, შეიძინონ ზუსტი პროფესიული უნარ-ჩვევები. ფრანგული პროფესიული ბაკალავრის დიპლომი შექმნილია განათლების ორმაგი მოდელის მიხედვით.

– მაგისტრატურის პროგრამები ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში, მაგისტრატურის მეორე წლის ბოლო სემესტრში სავალდებულო სტაჟირებით. – ინფორმატიკის ბაკალავრი და მასტერი შერეული სასწავლო მეთოდების გამოყენებით. (ზოგიერთი კურსი ტარდება დისტანციურად). სწავლების ენა იქნება ფრანგული, ინგლისური და ქართული.  ამ ბრწყინვალე პროექტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყება 2019 წლის მარტიდან. ჩვენი მიზანია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მოზიდვა 2019 წლის სექტემბრიდან.

• როგორ შეაფასებთ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას? ამ პროგრამის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებს?

ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამების ნაწილს წარმოადგენს. ყოველწლიურად, 10 000  სტიპენდია გაიცემა მსოფლიოს მასშტაბით 163 ქვეყანაში. ეს პროგრამა, მსოფლიოს ამ კუთხეში, საფრანგეთის სახელმწიფოსა და მეორე ქვეყნის მთავრობის ერთობლივად დაფინანსებული სასწავლო სტიპენდიების იშვიათ მაგალითს წარმოადგენს. ეს ადასტურებს ჩვენი საელჩოს აშკარა ნდობას განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობაში, რომელიც ქვეყანაში ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.ფრანგულ-ქართულ სპეციალურ პროგრამებში უკვე 50-ზე მეტი სტიპენდიაა გაცემული და ამას კიდევ 15 დაემატება მომავალი წლისთვის. საფრანგეთი ამ პროგრამისთვის წელიწადში 100 000 ევროს გამოყოფს. საფრანგეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია სტიპენდიების მინიჭების პროცედურების მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი, რასაც  განათლების საერთაშორისო ცენტრიც იზიარებს. შეფასების ყოველი პროცესი მიმდინარეობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, საბჭოს წევრების შერჩევა ერთობლივად ხორციელდება, წევრთა შორის აუცილებლად უნდა იყოს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი. აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფრანგეთის საელჩო ისურვებდა, რომ სტუდენტების შესარჩევ ჟიურიში იყოს განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული წარმომადგენელიც.

  • როგორია საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამის შედეგები? გაგვაცანით თქვენი სამომავლო პროექტები ამ მიმართულებით.

აღნიშნული პროგრამა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ცენტრალური სტრატეგიული ელემენტია.  ჩვენ აქ იმისთვის ვმონაწილეობთ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას სასტიპენდიო პროგრამებისა და, ასევე, ტექნიკური თანამშრომლობის საშუალებით.

აღნიშნულ სფეროში, საფრანგეთის განათლების სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მართული უნივერსიტეტების დახმარების პროგრამაში. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სფეროებს: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები (მათ შორის, სამართალი, მართვა, პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები).

დღეისათვის, ჩვენი სტიპენდიანტების უმრავლესობა  სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებებით აგრძელებენ სწავლას, რადგან პოლიტიკურ მეცნიერებებს, სამართლის ფაკულტეტებსა და  ბიზნესის ფრანგულ სკოლებს საერთაშორისო რეპუტაცია გააჩნიათ.  თუმცა, საფრანგეთი ფიზიკის, ინჟინერიის, ბიოლოგიისა და მათემატიკურ სფეროებშიც გამორჩეულია. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საფრანგეთი მეორე ქვეყანაა ,,ფილდის,, მედალის მფლობელების რაოდენობით.  აქედან გამომდინარე, საფრანგეთი სტუდენტებს რეკომენდაციას უწევს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში საფრანგეთში სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. საფრანგეთი კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ასევე მოუწოდებს რეგიონების უნივერსიტეტების  სტუდენტებს.

განათლების სფეროში ეს ჩვენს მნიშვნელოვან ჩართულობაზე მეტყველებს. ჩვენ გვსურს, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ რეგიონული უნივერსიტეტების განვითარებას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები