“2012 წლის შემდეგ, საქართველო ყველა მოთხოვნილ პირობას აკმაყოფილებდა C ჰეპატიტის პროგრამისთვის შესარჩევად”

“2012 წლის შემდეგ, საქართველო ყველა მოთხოვნილ პირობას აკმაყოფილებდა C ჰეპატიტის პროგრამისთვის შესარჩევად”

„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „რა დროს ძილია“ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას, პარტნიორ კომპანიასთან ერთად, პროგრამის განხორციელების საშუალება იმ წინაპირობების გამო შეექმნა, რაც 2012 წლის შემდეგ, საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკამ შექმნა.

„იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბის პროგრამა განხორციელებულიყო, საჭირო იყო ქვეყანაში რამდენიმე ფაქტორის არსებობა: პირველი – შერჩეული ქვეყნის მმართველი ძალისთვის, ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი, მეორე – ქვეყანაში უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ექიმები და მეცნიერები, რომლებიც ამ რთული პროექტის ტვირთის აწევას შეძლებდნენ, მესამე – ქვეყანას უნდა ჰქონოდა კარგი საერთაშორისო პარტნიორობა და მეოთხე- ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური ვითარება. საბედნიეროდ, საქართველოს ყველა ეს პირობა უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა და მეტიც – მაშინ საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ დეკლარირებული ჰქონდა, რომ ჯანდაცვა პრიორიტეტული იყო, არამედ, კონკრეტულად 2013 წელს, უკვე დაწყებული გვქონდა პატიმრების მკურნალობა – იმ დანიშნულებითა და მედიკამენტებით, რაც იმ დროს იყო.ერთობლიობაში, ყველა ეს ნაბიჯი გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველო შეერჩიათ. 2014 წლის ბოლოს კი, შევთანხმდით, რომ მედიკამენტს მინიმალური ღირებულებით გვაძლევდნენ“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე განცხადებით, 1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა იზრდებოდა, რაც წინა ხელისუფლებების პირობებში, ჯანდაცვის სისტემის უგულებელყოფით აიხსნება.

„1990-იანი წლების შემდეგ, საქართველოში C ჰეპატიტის შემთხვევათა ზრდის ტენდენცია არ შეჩერებულა. 2 000-იან წლებშიც არ შეინიშნებოდა გაუმჯობესება და ამის მიზეზი იყო დერეგულაცია – თავის ნებაზე მიშვება ჯანდაცვის სისტემისა და მაღალი რისკების სფეროების, სილამაზის, ტატუს სალონები და ა.შ. მაშინ ეს ასოცირდებოდა სტიგმასთან, რომ ესაა რაღაც სამარცხვინო დაავადება“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 70 ათასზე მეტი ადამიანი უკვე განიკურნა, ნაწილი კი, კურსს ახლა გადის.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ არამხოლოდ საკუთარი მოქალაქეების პრობლემა მოაგვაროს, არამედ, სხვა ქვეყნებს ასწავლოს, როგორ გააკეთონ ეს. სამწუხაროდ, 2015 წლამდე, საქართველო ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით გამოირჩეოდა. ამას თავისი მეზეზები ჰქონდა, განვლილი პერიოდიდან. 2013 წელს გამოვიდა პრინციპულად ახალი ჯგუფის მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია, უმკურნალოს ამ დაავადებას. იქამდე არსებულ მედიკამენტებს ძალიან დაბალი ეფექტურობა ჰქონდა. 2013 წელს გამოსული მედიკამენტის, სოვალდის ერთი სამკურნალო კურსი ჯდებოდა 84 ათას დოლარამდე. იმ პერიოდში, მისით მკურნალობა სულ 12-მა ადამიანმა შეძლო, ვიდრე ჩვენ დავიწყებდით პროგრამას. 2014 წლის დასაწყისში, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ საკითხზე, რომ რაღაც ტიპის ფასდაკლება გაეკეთებინათ და მეტ-ნაკლებად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მწარმოებელი კომპანია მისთვის მომგებიან ვითარებას ეძებდა, რომ ენახათ ქვეყანა, რომელიც დააკმაყოფილებდა რამდენიმე პირობას და ამ ქვეყანაში ისინი განახორციელებდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და არა კომერციულ პროგრამას, რათა თავად მათ საკუთარი კომპანიისთვის შეექმნათ მაღალი რეპუტაცია. ეს კომპანია ძალიან შორსმჭვრეტულად და მორალურად სწორად მოიქცა; უნდა შეერჩია სანიმუშო ქვეყანა, რომელსაც დაეხმარებოდა და ამით გაზრდიდა თავის რეპუტაციას. ასეც მოხდა; ჩვენი პროგრამის დაწყების შემდეგ, თითქმის გაორმაგდა მათი გაყიდვები მთელს მსოფლიოში. საქართველოში კი, ამ პროგრამის ფარგლებში, უკვე 70 ათასზე მეტი დაავდებული განიკურნა“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები