1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო შეძრა: 6 წლის ჯონბენეტ რემსი მკვდარი იპოვეს თავისივე სახლის სარდაფში. ტრაგედია შობის ღამეს მოხდა და უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა, რომლებსაც ძიება დღემდე ვერ პასუხობს. ყველაზე საოცარი ამ ამბავში მშობლების ქმედებები იყო, რომლებიც მთავარ ეჭვმიტანილებად მოიაზრებოდნენ… თუმცა მივყვეთ მოვლენებს.
1990 წელს დაბადებული ჯონბენეტი უამრავი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. დედ-მამა აქტიურად უკეთებდა გოგონას პოპულარიზაციას, აღებინებდნენ მონაწილეობას კონკურსებში, შოუებში და არც ისე ცოტა ფულს შოულობდნენ
ამით. თუმცა რემსების ოჯახი ისედაც შეძლებულ ოჯახად მიიჩნეოდა.
1996 წელს რემსები პატარა ქალაქ ბოულდერში ცხოვრობდნენ. მამას კომპიუტერული ფირმა ჰქონდა და პროგრამული უზრუნველყოფის დისტრიბუციით იყო დაკავებული, დედა, “მის ამერიკას” ყოფილი მონაწილე, ბავშვებს უვლიდა – ჯონბენეტსა და მის უფროს ძმას ბერკს.
შობის ღამეს, 25 დეკემბერს ოჯახობა შობის აღსანიშნავად მეგობრებთან გაეშირა. იმხიარულეს, სანტა-კლაუსთან გაერთნენ და ღამით სახლისკენ დაიძრნენ.

მშობლების ნაამბობის თანახმად, გზაში დაღლილ ჯონბენეტს დაეძინა. მამამ ხელში აყვანილი შეიყვანა თავის საძინებელში და დააწვინა. უკანასკნელად სწორედ მაშინ, ღამის 10 საათზე იხილეს შვილი ცოცხალი მშობლები. რა მოხდა შემდეგ, არავინ იცის…
26 დეკემბერს დილით პატრისია რემსიმ პოლიციაში დარეკა. სახლში იპოვეს ბარათი 118 ათასი დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნით, რომელსაც თითქოსდა გატაცებული ბავშვის დასაბრუნებლად ითხოვდნენ. თუმცა მალე რემსიმ და მისმა მეგობრებმა, რომლებიც სახლის ყველა კუნჭულს ათვალიერებდნენ. სარდაფში იპოვეს ჯონბენეტის ცხედარი. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას თავის ქალის ტრავმა ჰქონდა, დამხრჩვალი იყო და სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის კვალიც ეტყობოდა. ქვედა საცვალზე აღმოჩენილი იყო სისხლის კვალი, რომელიც უცნობ პირს, როგორც მერე გაირკვა, მამაკაცს ეკუთვნოდა.
ეს მკვლელობა ერთ-ერთ გახმაურებულ დანაშაულად იქცა. ძიება თავიდანვე ჩიხში შევიდა და კიდევ უფრო ურევდა საქმეს მშობლების უჩვეულო ქმედებები.
ძირითადად ორ ვერსიაზე მუშაობდნენ:
სახლში ბოროტმოქმედი შეიჭრა;
მკვლელობაში ბავშვის მშობლები იყვნენ ჩარეული.

როცა მშობლებმა შეიტყვეს, რომ მათზე იყო ეჭვი, მაშინვე დაიქირავეს საუკეთესო ადვოკატები. მათი რჩევით, ჯონმა და პატრისიამ სასტიკი უარი თქვეს წერილობით ჩვენებაზე, რომლითაც ძიებას სპეციალისტი ფსიქოლოგების დასკვნის მიღება სურდა. არსებობს მეთოდიკა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, წერილობით ჩვენებაზე სიცრუეა თუ სიმართლე. მშობლები არც დაკითხვებზე დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ არაოფიციალურ საუბრებში უკვე გაანდეს სრული ინფორმაცია ძიებას.
რატომ მიიტანეს ეჭვი მშობლებზე? ბევრი უცნაურობა უკავშირდებოდა მათ ქცევას. მაგალითაც, მათი თქმით, ძილის წინ გოგონა მოამზადეს დასაძინებლად, თმაც გაუხსნეს. თუმცა ნაპოვნ ცხედარს სადღესასწაულო კაბა ეცვა, მაღლა აწეული ვარცხნილობით იყო და დაფნის გვირგვინის ფოთლებიც კი ეყარა თმაში, რომელიც ზეიმზე დაადგეს თავზე. გამოდის, რომ იცრუეს? ან თუ თავად დააწვინეს დასაძინებლად, რატომ არ მოხსნეს თავიდან თუნდაც ეს ფოთლები.
გაკვეთის დროს გოგონას კუჭში გადაუმუშავებელი ანანასის ნარჩენები აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ მას მკვლელობამდე დაახლოებით 4 საათით ადრე უჭამია. მშობლები კი ამტკიცებდნენ, რომ ბოლოს ზეიმზე მიირთვა დაახლოებით საღამოს რვა საათზე. მაშ საიდან გაჩნდა ანანასი მის კუჭში. ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა… ეს ხილი მოგვიანებით გამომძიებელმა სახლში, მაცივარშიც იპოვა.
იმ ღამით არ იყო დაკეტილი სახლის კარი და ფანჯრები. რატომ არ დაკეტეს? იქნებ მოგვიანებით გახსნეს, როცა ტრაგედია მოხდა, რომ ძიება დაებნიათ? ხოლო შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე პატრისიამ და ჯონმა თავიანთი სახლის გასაღები რამდენიმე მეგობარს, ნათესავს და მოახლეს დაურიგეს, თითქოს იმისთვის, რომ მომავალი შვებულების დროს სახლისთვის მიეხედათ. ესეც უჩვეულო ფაქტია…
როცა პატრისია ხელნაწერის ექსპერტიზისთვის წერდა კარნახით ტექსტს, განგებ შეცვალა ხელწერა. რატომ გააკეთა ეს? პასუხი არ არის.
ძიება ფიქრობდა, რომ მამას, რომელიც ანტიდეპრსანტებს იღებდა, შესაძლოა, სიბრაზის შემოტევის დროს შემოაკვდა ბავშვი და შემდეგ მოიფიქრეს მთელი ეს სცენები. სექსუალური ძალადობა მამის მხრიდან გამოირიცხა, რადგან მისი დნმ არ აღმოჩნდა ბავშვის საცვალზე. თუმცა მაინც იყო ვიღაცის დნმ, რომლის მფლობელი დღემდე ვერ დადგინდა.
ერთხელ კიდევ ჰქონდათ გამომძიებლებს საქმის გახსნის მცდელობა. ბავშვის მკვლელობის შემდეგ ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. წლების შემდეგ კი გადაწყვიტეს, უკან, ატლანტაში დაბრუნებულიყვნენ. ბავშვის დედა ამბობდა, რომ ძალიან მოენატრა თავისი პატარა. დამატებითი სამხილების მოსაძიებლად, სამართალდამცველებმა ოპერაცია ჩაატარეს – ივარაუდებოდა, რომ მშობლები ბავშვის საფლავს მოინახულებდნენ და ერთმანეთში რამეს იტყოდნენ მკვლელობაზე. ყალბი საფლავის ქვა დადგეს, რომელიც ზუსტად იმეორებდა ნამდვილს და მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟეს. საფლავზე თვალთვალი დააწესეს. თუმცა რაოდენ დიდი იყო პოლიციელების გაოცება, როცა მშობლებს… ერთხელაც არ უფიქრიათ საფლავზე მისვლა. დადიოდნენ მაღაზიებში, აწყობდნენ სახლს, აგვარებდნენ მიმდინარე საქმეებს, საფლავზე გასვლა კი არც უფიქრიათ.
მოგვიანებით მშობლებმა წიგნიც გამოუშვეს პატარა ჯონბენეტზე და მკვლელობის ამბები გაიხსენეს, ის, რასაც ძიებას უამბობდნენ. თუმცა საქმის კვლევა დღემდე ჩიხშია შესული.

შარშან სექტემბერში მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიხსენა გახმაურებული მკვლელობა, როცა ჯონბენეტის ძმა ალაპარაკდა. მისი ვერსიით, ჯონბენეტი რომელიმე კონკურსზე ვიღაც პედოფილმა შენიშნა და მის მსხვერპლად იქცა. ბერკი მშობლებს ადანაშაულებდა იმაში, რომ საწყალ ბავშვს გამუდმებით დაატარებდნენ კონკურსიდან კონკურსზე და მათ სახლშიც სულ სტუმრიანობა და ხმაური იყო…
რაც არ უნდა იყოს, ეს საქმე დღესაც გამოსაძიებელია და კვლავ არავინ იცის, მაინც ვინ მოკლა პატარა მშვენიერი გოგონა.
მსგავსი სიახლეები

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია-ბრიტანეთის მინისტრი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 737 ათასს გადააჭარბა.
