17 წლის გოგონას მშობლები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პერსონალს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

17 წლის გოგონას მშობლები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პერსონალს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

მეთორმეტეკლასელ გოგონას პლასტიკურმა ქირურგმა, ზაქარია ოდიშვილმა ცხვირის ოპერაცია 7 სექტემბერს გაუკეთა. დედის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ გოგონა ნარკოზიდან გამოვიდა, პალატაში გადმოიყვანეს და ამ დროს იგი უკვე კონტაქტური იყო, თუმცა „მერე ძილი მოერია და დაეძინა“.
„მალევე შევამჩნიე, რომ ბავშვი გალურჯდა. ხელი რომ მოვკიდე, გაციებული იყო. გამოვედი და ექთანს ვუთხარი, რომ ბავშვი ცივი იყო. შემოვიდა, ბავშვს ხელები გადაუშალა და მეუბნება – ნუ გეშინიათ, ნარკოზმა იცისო. ამ დროს ბავშვს თურმე გული გაუჩერდა. კივილი დავიწყეთ…
გული მალევე აუმუშავეს, მაგრამ ტვინში ჰიპოქსია წავიდა. მითხრეს, რომ წესით ჰიპოქსია 24 საათის მერე აღარ უნდა განვითარებულიყო. ტვინის ზედაპირული უჯრედები დაზიანდა და ამის მეტი აღარ დაზიანდებოდა. თუმცა 7-ში გავუკეთე ოპერაცია და 12-ში აღმოჩნდა, რომ უჯრედები კიდევ დაზიანდა. ახლა ღრმა კომურ ძილში ჰყავთ. თავზე ოპერაცია გაუკეთეს, რადგან წნევა იმატებს და თავის ტვინი შუპდება. გუშინწინ სასუნთქი აპარატიც ჩაუდგეს,“ – აცხადებს გოგონას დედა თეო სიდამონიძე.

მისივე თქმით, ექიმები ვერ სცემენ პასუხს იმაზე, თუ რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება და რა არის ახლა გოგონას დიაგნოზი.
„ოდიშვილი ამბობს – მე ჩემი საქმე კარგად გავაკეთეო. ანესთეზიოლოგზე მაქვს ეჭვი, შეიძლება ცუდი ნარკოზი გაუკეთეს, რომელიც ბავშვმა ვერ აიტანა, მაგრამ ყველანაირად ხელს აფარებენ – ნარკოზში რომ ყოფილიყო საქმე, მაშინ საერთოდ ვერ გამოვიდოდაო. გუშინაც კონსილიუმი გამართეს ექიმებმა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მიზეზს რომ ვეკითხებით, პასუხს არ გვაძლევენ.

თურქეთში კლინიკას დავუკავშირდით, რადგან გადაყვანა გვინდოდა, მაგრამ მათ გვითხრეს, რომ დიაგნოზი აუცილებლად უნდა იცოდნენ და მკურნალობა იმის მიხედვით დაიწყონ. ამ შეკითხვაზე კი აქ პასუხი არ აქვთ, ერთი და იგივეს იძახიან. ჩემ მულს უთხრეს -მშობელს არ უნდა დაეძინებინაო, მაგრამ, ხომ უნდა გავეფრთხილებინე ვინმეს? ან ექთანი ხომ უნდა ყოფილიყო იქ?“ – ამბობს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თეო სიდამონიძე.

იგი ბრალს ანესთეზიოლოგის გარდა საავადმყოფოს სხვა მედპერსონალსაც სდებს და აცხადებს, რომ ოპერაციის დროს სათანადოდ მობილიზებულები არ იყვნენ.

„ძალიან სწრაფად აკეთებენ ოპერაციებს, რიგები უდგათ და ერთი რომ გამოჰყავთ, ეგრევე მეორე შეჰყავთ. ერთი საათი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო კონტროლის ქვეშ? ან წნევა გაეზომათ, ან სიცხე.

ახლა ჩემთვის მთავარი ექიმების დანაშაული კი არა, ჩემი შვილის ჯანმრთელობაა. ექიმმა გვითხრა, რომ ბავშვი მდგომარეობიდან რომც გამოვიდეს, დიდი ალბათობით რაიმეზე იმოქმედებს – მეტყველებაზე, სიარულზე, რადგან დაზიანებული უჯრედები ვეღარ აღდგება, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით რა დარღვევა იქნებაო. ყოველ მისვლაზე მეუბნებიან – სტაბილურად მძიმე მდგომარეობააო და ამის იქით პასუხი არ გვაქვს. იქნებ ვინმემ იცოდეს, რა უნდა გავაკეთოთ რომ ბავშვი მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ“, – ამბობს თეო სიდამონიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები