13 წლის მოზარდს, რომელსაც უცხო მამაკაცი თავს დაესხა, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება

13 წლის მოზარდს, რომელსაც უცხო მამაკაცი თავს დაესხა, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება

13 წლის მოზარდს, რომელსაც უცხო მამაკაცი თავს დაესხა, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა ოთარ რუსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტი კონტაქტური იყო, თუმცა თვალისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმის განმარტებით, მოზარდს კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა.

„ჩვენთან მოყვანისას ბავშვი კონტაქტური იყო. მხედველობა არ ჰქონდა, ანუ უჭირდა მზერა. ჩატარდა თავის და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია. ჩვენი კლინიკური დიაგნოზი ამჟამად არის თავის ტვინის შერყევა. რამე ანატომიური პრობლემები თავის ტვინში არ აღენიშნება. მუცლის ღრუს ტომოგრაფიის დროს აღმოჩნდა, რომ აქვს რაღაც სითხოვანი. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ჩვენი კვლევებით დადასტურდა, რომ ეს არ არის ახალი წარმონაქმნი, რომელიც ჩვენ შემთხვევით აღმოვაჩინეთ კვლევების დროს. ამჟამად, პაციენტს არც ნეიროქირურგიული და არც ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. გამოსაკვლევად რჩება მხოლოდ თვალი. მოვა სპეციალისტი, რომელიც შეაფასებს თვალის მდგომარეობას და გადაწყვეტს, სჭირდება ქირურგიული ჩარევა, თუ კონსერვატიული მკურნალობა. თვალზე სისხლნაჟღენთები აღენიშნება, ასევე სტრანგულაციური ხაზი კისერზე, გულმკერდის მარჯვენა მხარის ზედაპირზე სისხლნაჟღენთებია“, – განაცხადა რუსაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

„პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები