12 არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს.

12 არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს.

12 არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. კერძოდ საუბარია, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, სუს-ს უფლება ექნება საიდუმლო თანამშრომელი მუდმივად მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში. არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს ცვლილება „ე.წ. “ოდეერების” ინსტიტუტის კლასიკური საბჭოთა სახით დაბრუნებასა და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს.“ სამოქალაქო სექტორისათვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ცვლილებები, მაშინ როცა სუს-ს მოქმედი კანონის მიხედვით, ისედაც აქვს უფლება საიდუმლო თანამშრომელი ჩართოს დანაშაულებრივ ჯგუფში, მათ შორის ნებისმიერ საწარმოსა და დაწესებულებაში, სადაც არსებობს ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ.

„2015 წელს კანონმდებლობით გაუქმდა ტერმინი “უსაფრთხოების ოფიცერი”, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ შეუძლია სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში დანიშნოს მუდმივი წარმომადგენელი, მხოლოდ დაწესებულებასთან ურთიერთშეთანხმებით. ასეთი დაწესებულებების ნუსხა მთავრობის მიერ არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე გაუგებარია რა მიზანს ემსახურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საწარმოსა და დაწესებულებაში საიდუმლო თანამშრომლის მუდმივად მივლენა. მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავება მოქმედი კანონდებლობით მხოლოდ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის არის დაშვებული. ამის მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გავრცელებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ე.წ. “ოდეერის” პრაქტიკა.“ – წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესამე სექტორი მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ ცვლილებებს და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე.

„ერთი სამსახურისათვის ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის ბერკეტების მინიჭებით ვერ მივიღებთ სამსახურს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეფექტურად დაიცავს. ეს, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება, ანალიზის, სამართალდაცვის, ძალის გამოყენების, პრევენციისა და გამოძიების ფუნქცია, ასევე გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.“ – წერია განცხადებაში.

კანონპროექტის თანახმად:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება საიდუმლო თანამშრომელი მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში (ყველა სამინისტროში, სსიპსა თუ ა(ა)იპ-ში), კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში;
  • მივლინებულ მოსამსახურეს არ ექნება უფლება გაამჟღავნოს სამსახურისადმი კუთვნილება;
  • “ჩანერგილ” მოსამსახურეს უფლება ექნება მივლინებულ უწყებაში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა;
  • მივლინებული მოსამსახურე ვალდებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია;
  • “ჩანერგილი” მოსამსახურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც აიღებს ანაზღაურებას და იმ საწარმოდანაც, სადაც ფარულად არის მივლენილი;
  • მივლინებულ მოსამსახურეს ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

საქართველოს მთავრობამ შესაბაისი კანონ-პროექტი პარლამენტში 22 ნოემბერს წარადგინა.

განცხადებას 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

საზოგადოება და ბანკები

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

მწვანე ალტერნატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ხმა საქართველოდან

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები